სოფლის მეურნეობაში დღითიდღე იზრდება ირიგაციის მნიშვნელობა. ამ მეთოდით მცენარეებს დროულად მიეწოდება საჭირო რაოდენობის წყალი, რომელსაც მცენარე ვერ იღებს ნალექებით. ირიგაციის ბევრი მეთოდი არსებობს. რომელიმე მათგანის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, სწორია თუ არა ნაკვეთი, ასევე მცენარის სახეობაზე, ნიადაგის ქიმიურ და ფიზიკურ მახასიათებლებზე, სარწყავი წყლის რაოდენობასა და ხარისხზე, ფერმერულ ტრადიციებზე, ფერმერის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რადგანაც ირიგაციის გარკვეულ მეთოდს ესაჭიროება დამატებითი ინვესტიცია, ასევე რეგიონის კლიმატურ პირობებზე, როგორიცაა ქარი, ტემპერატურა, ფარდობითი ტენიანობა, ნალექები. სწორ ნაკვეთზე შესაძლებელია ნებისმიერი სარწყავი სისტემის გამოყენება, მაგრამ უსწორმასწორო ზედაპირის მქონე ნაკვეთზე უფრო მისაღებია დაწვიმებით მორწყვა, ხოლო ქარიან რეგიონებში დაწვიმებით მორწყვის ნაცვლად უპირატესობა უნდა მიენიჭოს წვეთოვან სარწყავ სისტემას.